logo
ENG



მსოფლიო  კორონავირუსთან საბრძოლველად ფინანსების მობილიზებას იწყებს

18 მარ 202014:12
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიო  კორონავირუსთან საბრძოლველად ფინანსების მობილიზებას იწყებს. შეერთებულ შტატებში ბიუჯეტიდან 46 მილიარდი დოლარის გამოყოფაზეა საუბარი. ესპანეთში კი 200-მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცეს.  

პარალელურად კოვიდ 19-ით დაინფიცირების შესახებ ახალი მონაცემები ვრცელდება. მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის 198 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი.

გარდაცვალების პირველი შემთხვევა დღეს თურქეთში დადასტურდა. თურქეთის ქალაქები პარალიზებულია. სტამბოლში სასიცოცხლოდ აუცილებელი ობიექტების გარდა ყველაფერი დაიხურა. დაავადებულთა რაოდენობა ოფიციალური მონაცემებით 98-ია.

საერთაშორისო ფრენები შეწყდა უკრაინაში. შეჩერებულია შიდა ფრენებიც. კიევის აეროპორტი მხოლოდ სპეციალურ რეისებს იღებს. ქვეყანაში კორონავირუსის 14 დადასტურებული შემთხვევაა. 

ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატები. ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო დღეს ლას ვეგასში კაზინოები იცურება. არ მუშაობს ტურისტული სააგენტოები. მუშაობა შეაჩერა სასტუმროების ნაწილმა

კრიზისის გასამძაფრებლად დეზინფორმაციული კამპანია წამოიწყო კრემლის მხარდამჭერმა რუსულმა მედიამ. სტატია ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსმა" ევროკავშირის მოხსენებაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამია, რომ პროპაგანდისტული კამპანიის მიზანი ევროპულ საზოგადოებაში დაბნეულობის, პანიკისა და შიშის სტიმულირებას შეტანაა.

მსოფლიო ვარსკვლავები კორონავირუსის გავრცელების პერიოდში მუშაობას არ წყვეტენ. ჯონი ლეჯენდმა კონცერტი სახლიდან მოაწყო და ინსტაგრამის საკუთარი გვერდით გაავრცელა. სახლში ჩაწერა გადაცემა ჯიმი ფელონმაც. „ღამის შოუს“ წამყვანის თქმით, Covid 19-ის გავრცელებისას გადაცემა აუდიტორიის გარეშე, უსაფრთხოების ყველა პირობის დაცვით ჩაიწერება.


close დახურვა